Global Pathway Programme

ეს პროგრამა განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომელთაც სურთ მოხვდნენ გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის საბაკალავრო პროგრამებზე ბიზნესის, ფინანსებისა და პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო ბიზნესის, მარკეტინგის, მეწარმეობის, ოპერაციების მართვის, ფინანსების, პოლიტიკური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა საბაკალავრო პროგრამებზე. ეს პროგრამა შეიმუშავა საქართველოში ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ოკლიფის სკოლასთან თანამშრომლობით.

დიდი აქცენტი კეთდება სწავლის უნარებისა განვითარებაზე დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში საბაკალავრო დონეზე სწავლისთვის მოსამზადებლად.

აღწერა:

პროგრამის ხანგრძლივობა 1 აკადემიური წელია. პროგრამის ფარგლებში დიდი ყურადღება ეთმობა აკადემიური ინგლისური ენის ცოდნისა და სასწავლო უნარების ამაღლებას. მოსწავლეები ისწავლიან ისეთ საგნებს, როგორებიცაა აკადემიური სასწავლო უნარები, ინგლისური აკადემიური მიზნებისთვის, კვლევის მეთოდები და ინფორმაციული წიგნიერება, ასევე, კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა. გარდა ამისა, მოსწავლეები გაივლიან კურსს „მათემატიკა ბიზნესისთვის“, რომელიც გააცნობს სტუდენტებს ფუნდამენტურ სტატისტიკურ ცნებებს, რაც აუცილებელია ბიზნესთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო პროგრამების უმეტესობისთვის.

გარდა ამისა, სტუდენტები შეისწავლიან ფინანსების, ეკონომიკისა და ბიზნესის კურსებს, რათა შეიძინონ ცოდნა, რომელიც აუცილებელად გამოადგებათ მათ ბაკალავრიატის დონეზე ბიზნესის სფეროს შესასწავლად. საგანი "ბიზნესის საფუძვლები" ასწავლის მოსწავლეებს, თუ როგორ ოპერირებენ სხვადასხვა ინდუსტრიის ორგანიზაციები და კომპანიები, აანალიზებს გლობალურ ბიზნეს გარემოს და გარე ფაქტორებზე რეაგირების სტრატეგიებს. მიუხედავად იმისა, რომ უპირველესი მიზანია სტუდენტების მომზადება ბიზნესისა და მენეჯმენტის პროგრამებისთვის, Global Pathway Programme, ასევე, მოიცავს თეორიების პრაქტიკულ გამოყენებას რეალურ სამყაროში ანუ როგორ უნდა დავიწყოთ და განვავითაროთ მდგრადი ბიზნესი.

ფინანსური აღრიცხვის პრინციპების შესწავლა გადამწყვეტია ბიზნესის შიდა მუშაობის გასაგებად. ფინანსების კურსი მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვის ძირითად პრინციპებს. ეკონომიკის კურსები აერთიანებს მიკრო და მაკროეკონომიკურ ანალიზებს, იკვლევს ეკონომიკურ საკითხებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო მასშტაბებზე. მიმდინარე ეკონომიკური პრობლემებისა და ინსტიტუტების კრიტიკული შესწავლით, სტუდენტები უფრო სიღრმისეულად იგებენ ეკონომიკურ კონცეფციებს და მათ რეალურ სამყაროზე ზემოქმედებას.

გარდა ამისა, მოსწავლეები გაივლიან კურსებს "გლობალური პრობლემები და პერსპექტივები", ასევე, "მედია და საზოგადოება", რაც გააფართოვებს მათ თვალსაწიერს გლობალური საკითხების შესახებ. ეს კურსები მისცემს მოსწავლეებს წინარე ცოდნას პოლიტიკის, სოციოლოგიის და მედიის საბაკალავრო პროგრამების მარტივად შესასწავლად, ამავდროულად, მიაწვდის ინფორმაციას მიმდინარე გლობალური მოვლენების შესახებ.

მნიშვნელოვანი ფაქტები:

მოსამზადებელი პროგრამა ექსკლუზიურად ხორციელდება Oakleaf School-ში, რომელსაც მოსწავლეები გაივლიან მე-12 კლასში ქართული კურიკულუმის პარალელურად.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს შეუძლიათ შეუფერხებლად სწავლა გააგრძელონ ბაკალავრიატის დონეზე პარტნიორ უნივერსიტეტებში გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკაში. პარტნიორი უნივერსიტეტების განახლებული სიისთვის, გთხოვთ, მიმართოთ ადმინისტრაციას.

პროგრამის ხანგრძლივობა ერთი წელია და დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ქართული სკოლის დიპლომის (Atestat) გარდა გადაეცემათ Global Pathway სერთიფიკატი.

ინგლისური ენის მოთხოვნა:
5.5 IELTS ან ექვივალენტი.

I სემესტრი

  • აკადემიური სწავლის უნარი - 5 ECTS კრედიტი
  • ინგლისური აკადემიური მიზნებისთვის - 10 ECTS კრედიტი
  • შესავალი მიკროეკონომიკაში - 5 ECTS კრედიტი
  • მათემატიკა ბიზნესისთვის - 5 ECTS კრედიტი
  • კვლევის მეთოდები და ინფორმაციული წიგნიერება - 5 ECTS კრედიტი

II სემესტრი

  • ფინანსების საფუძვლები - 5 ECTS კრედიტი
  • გლობალური საკითხები და პერსპექტივები - 5 ECTS კრედიტი
  • შესავალი მაკროეკონომიკაში - 5 ECTS კრედიტი
  • ბიზნესის საფუძვლები - 5 ECTS კრედიტი
  • კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა - 5 ECTS კრედიტი
  • მედია და საზოგადოება - 5 ECTS კრედიტი