განათლების ფილოსოფია

სკოლის განათლების ფილოსოფია ეფუძნება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ღირებულებას.
არჩევანის თავისუფლება
გვჯერა, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს უნიკალური პოტენციალი და განუსაზღვრელი შესაძლებლობები, მთავარია, სწორი ორიენტირი. საქართველოში სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ძალიან მცირე ნაწილს ეძლევა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. ჩვენი მიზანია, თითოეულ მოსწავლეს მივცეთ განათლება, რომელიც მათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის.
მაღალი ხარისხი
მეორე არის საუკეთესო ხარისხის მიღწევა განათლების მიწოდების პროცესში, რაც გარდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვისა, შედეგებითაც უნდა წარმოჩინდეს. ამისათვის სკოლა საკუთარ წარმატებას შეაფასებს როგორც მოსწავლის აკადემიური მიღწევებით, ისე რეალურ ცხოვრებაში მათი წარმატების მასშტაბით.
მოსწავლის ღირებულებების განვითარება
კვლევები ადასტურებს, რომ წარმატების მიღწევაში მოსწავლეებს ეხმარებათ ახლის აღმოჩენის ინტერესი და ემპათია. სკოლა გეგმავს, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ისეთი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც მათ რეალური ცხოვრების დანახვის შესაძლებლობას მისცემს. სრულიად უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციით, მათი პრობლემების შესწავლით და აღმოჩენილი პრობლემების გადაჭრაში დახმარებით, მოსწავლეებს შეუძლიათ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში.
სწორი ორიენტაცია თანამედროვე სამყაროში
  გარდა რეალურ, ცხოვრებისეულ პრობლემებზე მუშაობისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებს ჰქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ადგილი უკავიათ მათ მსოფლიოში, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. იმისათვის, რომ სწორად დაგეგმონ მომავალი, მათ უნდა გააცნობიერონ საქართველოს განვითარების დონე სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, ნახონ სად ცხოვრობენ ადამიანები უკეთ და სად უარესად, რა პროფესიებია მოთხოვნადი/პოპულარული. სკოლა გეგმავს საერთაშორისო საზაფხულო და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ სტუდენტებს შეეძლებათ, ეწვიონ უცხო ქვეყნებს, დაინახონ განსხვავებები, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში.

უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად გვჭირდება ახალი თაობა, რომელმაც ზუსტად იცის ის თუ რა მიმართულებით უნდა გაანვითაროს თავისი ქვეყანა და რა არის საჭირო ქვეყნის განვითარებისათვის.